„შს მინისტრის მოადგილე ვასილ ხიდაშელის ოჯახს დაჰპირდა, რომ გატაცებულს მალე გაათავისუფლებდნენ – პირობა შესრულდა“

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებული ვასილ ხიდაშელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, 2 დღის წინ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოფელ წითელუბანში, ვასილ ხიდაშელის ოჯახში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებს დაჰპირდა, რომ ვასილ ხიდაშელს მალე გაათავისუფლებდნენ.
“2 დღის წინ მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოფელ წითელუბანში, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ვასილ ხიდაშელის ოჯახში იყო და ოჯახის წევრებს დაჰპირდა, რომ მას მალე გაათავისუფლებდნენ. პირობა შესრულდა – დღეს ვასილ ხიდაშელი ოჯახს დაუბრუნდა“, – წერს ნინო გიორგობიანი. შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ 20 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ვასილ ხიდაშელი დღეს გაათავისუფლეს, – ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციითვე, შს სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებას აგრძელებს გორის რაიონის სოფელ კირბალთან იმავე დღეს დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის გასათავისუფლებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები