„გარყვნილების ბუდის – კლუბ “გალერის“ ადგილას ტაძარი იდგა“

  რუსთაველის გამზირზე მდებარე კლუბ “გალერის“ ადგილას, სადაც 15 თებერვალს ბიონარკოტიკით ახალგაზრდა გარდაიცვალა, თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძარი იდგა. როგორც მამა დავით (ქვლივიძე) გაზეთ “ასავალ დასავალთან “ ინტერვიუში ყვება, ადგილი, სადაც ერთ დროს ტაძარი იდგა, დღეს გარყვნილებისა და ტრაგედიის ბუდედაა ქცეული.
“თეოდოსი ჩერნიგოველი უდიდესი წმინდანია, იგი უკრაინაში მოღვაწეობდა და უდიდესი დამსახურება აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. სწორედ ამ დამსახურებისთვის აღიარეს წმინდანად. უცნაური დამთხვევაა, რომ იმ ადგილას, სადაც თეოდოსი ჩერნიგოველის ტაძარი იყო, დღეს კაფე „გალერისთან“ ერთად უკრაინული “პრივატბანკია“. თეოდოსი ჩერნიგოველის ტაძარი კომუნისტებმა იავარქმეს და დღემდე იავარქმნილია. აქ იყო “სონის“ ოფისი, აფთიაქი, უამრავი სხვა ოფისი, მაგრამ ვერც ერთმა ვერ იარსება. სამაგიეროდ, დღეს აქ წარმატებით მუშაობს ღამის კლუბი “გალერი“, სადაც საშინელებები ხდება. ტაძარში დღეს გარყვნილების ბუდეა. გასულ კვირას აქ ნარკოტიკით გარდაიცვალა ახალგაზრდა, რაც, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის. აქ მუდმივად ხდება დაჭრა ჩხუბი, აყალმაყალი. ჩვენ ხშირად მოვდივართ აქ, წელიწადში ორჯერ არის თეოდოსი ჩერნიგოველის ხსენების დღე და ამ დღეებში ყოველთვის ამ ადგილზე ვატარებთ პარაკლისს. პარაკლისის დროს ხშირად მოსულა პატრული, მთხოვენ, მამაო, იქნებ რამე იღონოთო, რადგან აქ ყოველდღიურად საშინელებები ხდებაო“,- აცხადებს მამა დავითი ინტერვიუში.
სასულიერო პირი გამოსავალს ამ ტერიტორიის ეკლესიისთვის დაბრუნებაში ხედავს. მამა დავითი შიშობს, რომ თუ ასე არ მოხდა, ადგილზე კიდევ ბევრი უბედურება დატრიალდება.
“გამოსავალი მხოლოდ ერთია – ეს ადგილი უნდა დაუბრუნდეს ეკლესიას. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება, რომელიმე მიტოვებულ მეჩეთში, სომხურ ან კათოლიკურ ეკლესიაში ღამის კლუბი რომ გაიხსნას? თუ ჩვენს ქვეყანაში მუსლიმებს არარსებულ მეჩეთებს უბრუნებენ, მინარეთებს უდგამენ, რელიგიურ უმცირესობებს კომპენსაციებს აძლევენ კომუნისტების პირობებში მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რატომ არ შეიძლება, ეს ადგილი ეკლესიას დაუბრუნდეს. ჩვენ რა ხანია ამაოდ მოვითხოვთ ამას. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად მართლმადიდებლები ვარ დაჩაგრულები“,-აღნიშნავს მამა დავითი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები