ფოთში ორი საწარმო ამუშავდა
სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, ფოთში ორი საწარმო: შპს “აისბერგი 2” და შპს “შავი ზღვის პროდუქტები” ახალი დატვირთვით ამუშავდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ამ საწარმოებში მოხდა წარმოების გადაიარაღება, შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოო მიმართულებები და დამატებითი სამუშაო ადგილები.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ,,აისბერგი-2″-ის საქმიანობის სფეროს თევზჭერა და თევზის მრეწველობა წარმოადგენს.
„ქარხანა ყოველწლიურად ლიცენზიით განპირობებული კვოტის ფარგლებში მოიპოვებს ქაფშიას, ახდენს მის გადამუშავებას და პროდუქციას (თევზის ფქვილი და ზეთი) ყიდის როგორც ექსპორტზე, ასევე შიდა ბაზარზე. ქარხანაში სეზონზე საშუალოდ დასაქმებულია 65 ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი 750-1200 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც საწარმოში აცხადებენ, 2013 წლიდან მთავრობის მიერ მეწარმეობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ახალი სახელმწიფო პროგრამების შედეგად შეძლეს შეღავათიანი კრედიტების აღება. 800 000 აშშ დოლარი მათ მიიღეს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის”, ხოლო 1 500 000 აშშ დოლარი ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში. აღებული შეღავათიანი სესხი მოხმარდა ქარხნის ტექნოლოგიურ გადაიარაღებას, სარემონტო სამუშაოებს, ქარხნის წარმადობისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხის გაზრდას და საწარმოს სრულ შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირის სტანდარტებთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქარხნის მუშაობის პარალელურად ფოთში განვითარება დაიწყო ქართულმა ფლოტმაც – ,,აისბერგი-2″-ის დაფინანსებით 18 ქართულმა კომპანიამ შეაკეთა კუთვნილი სეინერები და შესაბამისი თევზსაჭერი მოწყობილობებით აღჭურვა.
როგორც ,,აისბერგი-2″-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მთავრობის ხელშეწყობის პირობებში შესაძლებელი იქნება უცხოური თევზსაჭერი ფლოტის ქართულით ჩანაცვლება, რაც დამატებით 200 სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს ისიც, რომ 2014 წელს 10 თვეში ,,აისბერგი-2″-ის მიერ გადასახადების სახით 2 908 176 ლარია გადახდილი. კომპანიაში ამჟამად მიმდინარეობს თევზის პროდუქტების უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვის სამუშაოები ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1 500 000 აშშ დოლარის შეღავათიანი სესხი აქვს ასევე აღებული შპს “შავი ზღვის პროდუქტებს”. საწარმომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის მეშვეობითაც მიიღო 600 000 აშშ დოლარის დაბალპროცენტიანი კრედიტი. “შავი ზღვის პროდუქტები” ფოთში ფლობს თევზის გადამამუშავებელ ქარხანას, თევზსაჭერ გემს და დასაქმებული ჰყავს 100-მდე ადამიანი. მთავრობის ხელშეწყობით მიღებული შეღავათიანი კრედიტით კომპანიამ შეძლო ქარხნის წარმადობის გაზრდა დღე-ღამეში 1500 ტონამდე, შეიძინა საწარმოო დანადგარები, გაზარდა სასაწყობო ფართი და გაარემონტა თევზის მისაღები სპეციალური ინფრასტრუქტურა. “შავი ზღვის პროდუქტების” ხელმძღვანელობა სამომავლოდ კომბინირებული საკვების ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის შესაბამის დარგებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
საწარმოები საქართველოს მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს, კერძოდ – სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.