„გორგასლიანის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა.
სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
„გორგასლიანის“ ტურნირში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ სიტყვით მიმართა. გენერალ-მაიორმა სამხედროებს შეჯიბრში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ხარისხობრივი სერტიფიკატების გადაცემით დაიწყო. ხელჩართული ბრძოლების ინსტრუქტორებს კვალიფიკაცია „მხედარი“ და „სარანგი“ მიენიჭათ.
საზეიმო ცერემონიალზე „გორგასლიანის“ ხუთივე სახეობაში გამარჯვებული სამხედროები დაჯილდოვდნენ.
ტურნირის სამ გუნდურ სახეობაში პირველობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა მოიპოვეს. ხელჩართულ ბრძოლაში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა-ესტაფეტაში გამარჯვებისთვის მათ სამი გარდამავალი თასი და მედლები მიიღეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „გორგასლიანის“ მთავარი პრიზი – მგლისგამოსახულებიანი მუზარადი და ორიგინალი საბრძოლო ფარ-ხმალი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს გადასცა.
გარდამავალი თასები და მედლები ჭადრაკსა და რაგბიში გამარჯვებულ სამხედროებსაც გადაეცათ. ჭადრაკში პირველი ადგილი ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა დაიკავეს. რაგბიში გამარჯვებული კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადა გახდა.
შეჯიბრი „გორგასლიანი“ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. ტურნირი 31 ოქტომბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადებისა და ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები