გმირობიდან ბრალდებულობამდე – ლათის ტრაგედიაზე გამოთქმული მოსაზრების გამო აფხაზეთის “ომის გმირის” იბრაგიმ იაგანოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ, იბრაგიმ იაგანოვის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. იაგანოვი ომში აფხაზების მხარეს იბრძოდა, რისთვისაც მას “აფხაზეთის გმირის” წოდება მიენიჭა.
ლათის ტრაგედიის კონტექსტში, აფხაზეთის გმირმა იბრაგიმ იაგანოვმა დაადასტურა, რომ ჩამოგდებული ჰუმანიტარული ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებსაც იმ დროს “აფხაზეთის წინააღმდეგობის ლიდერებს” უწოდებდნენ.
“გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა იბრაგიმ ხასანბიევიჩ იაგანოვის განცხადებებს. იგი ამართლებდა საქართველოს მებრძოლების ქმედებებს, რომლებმაც განზრახ ჩამოაგდეს რუსული საჰაერო ძალების ვერტმფრენი გულრიფშის რაიონის სოფელ ლათის თავზე”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მედია აღნიშნავს, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების ჰუმანიტარულ თვითმფრინავში ყოფნა ეჭვქვეშ აყენებს ამ ფრენის ჰუმანიტარულ სტატუსს. ჰუმანიტარული ტრანსპორტის გამოყენება სამხედროების გადასაყვანად ან შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად დადგენილი წესების უხეში დარღვევაა.
“უნდა ვაღიარო, რომ ეს ვერტმფრენი შეიძლებოდა სამხედრო სამიზნე ყოფილიყო. ჰუმანიტარული ვერტმფრენების გამოყენება სამხედრო პერსონალის ან იარაღის გადასაყვანად არ შეიძლება, თუმცა ამ მიზნით იყენებდნენ. [სავარაუდოდ] აფხაზურ მხარეს ამ ჰუმანიტარული ვერტმფრენით იარაღი და სამხედრო პერსონალი გადაჰყავდა, რაც ომის დროს დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც არ უნდა ესროლა ამ ვერტმფრენისთვის, რომ სცოდნოდა, რომ ბორტზე ბავშვები და ქალები იყვნენ, ალბათ ამას არ იზამდა“,- დაწერა იბრაგიმ იაგანოვმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, იაგანოვი თვლის, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ შედგა და დროთა განმავლობაში რუსეთთან სრულად შერწყმა ემუქრება. ამიტომ, იაგანოვი მიიჩნევს, რომ გამოსავალი საქართველოსთან შეთანხმების მიღწევაა.
აფხაზური მხარე მისი განცხადების საპასუხოდ ირწმუნება, რომ ბორტზე ნამდვილად არ იყო იარაღი. აფხაზეთში იაგანოვის სიტყვები ცილისწამებად და იმის მინიშნებად აღიქვეს, რომ აფხაზები თავად იყვნენ დამნაშავეები ტრაგედიაში.
სწორედ ამიტომ, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას შეფასებით, ლათის ტრაგედია რჩება არა მხოლოდ ადამიანურ კატასტროფად, არამედ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ეპიზოდად, რომელიც მოითხოვს გულწრფელ და პასუხისმგებლიან ანალიზს, გამარტივებისა და ფაქტების შეცვლის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტია „ამცახარა“, რომელიც 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანებს აერთიანებს, პროტესტს გამოთქვამს “აფხაზეთის გმირის”, იბრაგიმ იაგანოვის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით და ე.წ პრეზიდენტ ბადრა გუნბას და “სახელმწიფო ჯილდოების კომისიას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილონ იაგანოვისთვის „აფხაზეთის გმირის“ წოდების ჩამორთმევის საკითხი.
გამოძიების დასრულების შემდეგ, “გენერალური პროკურატურა” ყოფილი ვეტერანის ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და გადაწყვეტილებას “რესპუბლიკის” კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს.
იაგანაროვი ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანა.
შეგახსენებთ, ლათის ტრაგედიას 1992-93 წლების აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდად აფასებენ. 1992 წლის დეკემბერში სოფელ ლათასთან ჩამოვარდა სამგზავრო ვერტმფრენი, რომელსაც აფხაზი ლტოლვილები გადაჰყავდა. დაიღუპა 87 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი. აფხაზების თქმით, ვერტმფრენი ქართულმა ძალებმა ჩამოაგდეს. საქართველო უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ტრაგედია რუსული მხარის სამხედრო მანიპულაციების მიზეზით მოხდა.