ნინო გიორგობიანი: შსს-ს პრესსამსახურს კარგი ურთიერთობა აქვს მედიასაშუალებებთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ შს სამინისტროს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტზე ზეწოლა განახორციელა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, შსს-ს პრესსამსახურს კარგი ურთიერთობა აქვს ყველა – როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ მედიასაშუალებასთან, მათ შორის „სამხრეთის კარიბჭესთან“.
„გაოცებული ვარ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების შეფასებით ჩემს თანამშრომელ ეკა ათოშვილთან დაკავშირებით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, ეკონტაქტებიან და ის ყოველთვის მათ ოპერატიულად პასუხობს და ინფორმაციას აწვდის, და ლამის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამინდთან დაკავშირებითაც მას ურეკავენ და ისიც ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს, რომ თურმე მისი თხოვნა სათაურის შეცვლასთან დაკავშირებით მათზე ზეწოლა იყო.
აღნიშნული სტატია (http://sknews.ge) თემურ კალანდაძესთან დაკავშირებით იყო ცალმხრივი და სამინისტროს პოზიცია დაფიქსირებული არ იყო, სტატია ისე გამოქვეყნდა, რომ ჩვენთან კომენტარზე არ დაურეკავთ. თავდაპირველად ეკა ათოშვილი რედაქციას სწორედ ამ შეკითხვით დაუკავშირდა, თუ რატომ არ დაინტერესდა „სამხრეთის კარიბჭე“ სამინისტროს პოზიციით, როდესაც ყველა სტატია აქამდე ჩვენი კომენტარით ქვეყნდებოდა. მან ასევე რედაქციას სათაურის შეცვლა სთხოვა, და არა მოსთხოვა, რადგან მათ აქვთ ის ურთიერთობა, რომ რამე სთხოვოს, ისევე როგორც „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტები ხშირად სთხოვენ ეკას იმასაც კი, რაც მას არ ეხება. სათაურის შეცვლა ეკამ იმიტომ სთხოვა, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურაში დასრულებული არ არის, სათაურში კი მოცემული ბრალდებები მტკიცებით ფორმაში იყო.
რაც შეეხება ბრალდებებს თემურ კალანდაძის მიმართ, ჩემთვისაც საინტერესოა, რა შედეგებით დასრულდება პროკურატურაში აღნიშნული გამოძიება. გაუგებარია, რატომ შეფასდა ეკას ზარი ამ შემთხვევაში ზეწოლად და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად, როდესაც დღეში უამრავი ზარი ხორციელდება როგორც მისი მხრიდან „სამხრეთის კარიბჭესთან“, ასევე მათი მხრიდან ეკასთან.
ჩემთვის საინტერესო იქნება “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღნიშნული სტატიის შეფასება, რომელიც აბსოლუტურად ცალმხრივი იყო.
აქვე ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია „მაესტროს“ და მისი ჟურნალისტის ია თინიკაშვილის პროფესიონალიზმს, რომელიც ამ თემაზე მუშაობის დაწყებისთანავე დაგვიკავშირდა და გვთხოვა თემურ კალანდაძის კომენტარის ჩაწერა, რაც ჩვენ იმავე დღეს უზრუნველყავით და ეთერში გასულ სიუჟეტში დაფიქსირდა ორივე მხარის პოზიცია.
ასევე მინდა გითხრათ, რომ “სამხრეთის კარიბჭისგან” არაერთი მადლობის ზარი შემოვიდა პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით, როდესაც მათ რედაქციასთან აქცია გაიმართა. პოლიცია ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა და ვითარების გამწვავება არ დაუშვა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი პოლიციის მანქანამ ჩააცილა თავის რეგიონში, რაზეც ჟურნალისტებმა ასევე მადლობა გადაგვიხადეს და ჩემთან პირადად მადლობის არაერთი ზარი შემოვიდა.
შსს-ს პრესსამსახურს კარგი ურთიერთობა აქვს ყველა, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ მედიასაშაულებასთან, მათ შორის „სამხრეთის კარიბჭესთან“ და ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რეგიონებს კურირებენ, რეგიონალურ ჟურნალისტებს ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში აქტიურად ეკონტაქტებიან, აწვდიან ინფორმაციას სამინისტროს აქტივობების შესახებ და მათ კითხვებს პასუხობენ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალებაა. ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებებს, რომ პრესსამსახურის თანამშრომლები ვინმეზე ზეწოლას ახორციელებენ. თუკი ნებისმიერი ჩვენი ზარი მასალის გავრცელებასთან, ან რაიმე თხოვნასთან დაკავშირებით ზეწოლად აღიქმება, მაშინ ეს ჩემშიც უკვე ეჭვებს ბადებს და მეც ჩემი დასკვნების გაკეთება შემიძლია.
რაც შეეხება „სამხრეთის კარიბჭეს“, მათთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით მსგავსი ინსინუაციები არ განმეორდეს, მათ მეილის საშუალებით დავეკონტაქტებით, ყველა შეკითხვას გამოაგზავნიან მეილზე: miapr@mia.gov.ge და ასევე ოპერატიულად, როგორც აქამდე, პასუხს მეილითვე მიიღებენ“, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები