მიხეილ ხუბუტია: პუტინს ძალიან უყვარს ქართველები

„საქართველოს ხელისუფლება, რაც უფრო მალე დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, მით უკეთესი იქნება. დიახ, უნდა დაიწყოს პრაგმატული დიალოგი და გაირკვეს – რა გვინდა ჩვენ და რა უნდა რუსეთს?!“ – ამის შესახებ მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას შეხვდეს და დიალოგი დაიწყოს.
„პირველ რიგში, ქართველებმა აფხაზებსა და ოსებს უნდა შევხედოთ არა როგორც ეთნიკურ უმცირესობებს, არამედ, როგორც ჩვენს ძმებს! ისინი დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, მაგრამ დღესდღეობით ეს არ ხდება, იმიტომ რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისია! სააკაშვილმა თავის დროზე ხმალი დააძრო და ამ გზით უნდოდა საქართველოს გაერთიანება, მაგრამ ასეთი ენით რუსეთთან საუბარი გამორიცხულია! რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს – არ უნდა, რომ ნატოს ჯარი მიუახლოვდეს მის საზღვრებს. არ უნდა, რომ საქართველოში გუანტანამოს ციხიდან პატიმრები გადმოჰყავდეთ, არ უნდა, რომ საქართველოდან ჩასული ახალგაზრდები იბრძოდნენ თუნდაც უკრაინაში! რუსეთი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გამართოს. პირადად მე საქართველოს ხელისუფლებას შევთავაზე ფორმატი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობასთანაც იყო შეთანხმებული – თუ ჩატარდებოდა ქართული დიასპორის ყრილობა არა მაინცდამაინც მოსკოვში, არამედ თუნდაც სოჭში და იქ ჩამოვიდოდა საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩამოვიდოდა რუსეთის ხელმძღვანელობაც და ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის შეხვედრა შედგებოდა! პრეზიდენტი პუტინი მზად იყო, შეხვედროდა საქართველოს სპორტის მინისტრსაც კი, თუ იგი სოჭის ოლიმპიადაზე ჩამოვიდოდა, შევთავაზე კიდევაც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რომ სოჭში გაკეთებულიყო ქართული სახლი, მაგრამ უარი მივიღე. პუტინს ძალიან უყვარს ქართველები, დიდ პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს და ვაჟკაცურად შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ არანაირი ანტაგონიზმი არა აქვს!“ – ამბობს მიხეილ ხუბუტია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები