პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, რომ ლოცვა “მოწყალებისა კარი განმიღე” დღეში თორმეტჯერ თქვას
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რომ დაცული იყოს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის ღვთისმშობლის ლოცვა “მოწყალებისა კარი განმიღე” დღეში თორმეტჯერ თქვას.
“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რომ დაცული იყოს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ, გეძლევათ ლოცვა-კურთეხევა, რომ თქვათ ღვთისმშობლის ლოცვა “მოწყალებისა კარი განმიღე” დღეში თორმეტჯერ”, – ბრძანა ილია მეორემ.
მანვე დღევანდელი ქადაგებისას სიკეთისა და ბოროტების გარჩევაზე ისაუბრა.
“სახარებაში ვკითხულობთ, რომ სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რა არის საუნჯე და სად უნდა იყოს ჩვენი გული. ეს ცხოვრება ჭრელია. სად არის საუნჯე და სად არ არის, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე, ძალიან ძნელი გასარჩევია. ამიტომ, ღვთის ძალით და ღვთის მადლით უნდა გაეხსნას ადამიანს გონება, რომ იცნოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება. ჩვენი ხალხი უკვე გრძნობს და არჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება”, – აღნიშნა უწმინდესმა.