ახალი სანქციების შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება

  ვაშინგტონის მიერ ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსკოვი აუცილებლად საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ხვალ, 14 დეკემბერს შეხვდება.
„ძირითადად ყურადღება ახლო აღმოსავლეთის საკითხების მოგვარებას დაეთმობა“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ამასთან, რიაბკოვის თქმით, ლავროვის და ქერის შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, შესაძლოა, წინ წამოწიოს საკითხი აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერი აქტის მიღების შესახებ.
რიაბკოვის განცხადებითვე, მოსკოვი ამ აქტში „ანტირუსული დამოკიდებულების მორიგ გამოვლენას“ და რუსეთისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების თავზე მოხვევის მცდელობებს ხედავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სენატმა კანონპროექტი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ გუშინ, 13 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი სენატმა ერთხმად დაუჭირა. კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების უფლებას იძლევა. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტი უკრაინის მთავრობისთვის ლეტალური და არალეტალური შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჯავშანსაბრძოლო იარაღი და საბრძოლო მასალებია.
კანონპროექტ „აქტი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ 2014“ თანახმად, უკრაინა ნატოს ფარგლებს გარეთ აშშ-ს სამხედრო მეკავშირედ ითვლება. ამასთან, დოკუმენტი დევნილებისთვის ამერიკული დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს. კანონპროექტში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე გავრცელებული რუსულენოვანი მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესების და გაფართოების შესახებაა საუბარი იმისთვის, რომ „რუსულ პროპაგანდას წინააღმდეგობა გაუწიონ“.
რადიოსადგურ „ამერიკის ხმისთვის“ და „რადიო თავისუფლებისთვის“ პრიორიტეტულ მიმართულებებად უკრაინა, საქართველო და მოლდოვაა დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები