ჯემალ გახოკიძე: შსს-ს და უშიშროების გამიჯვნა სწორი გადაწყვეტილებაა

უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე, შსს-ს და უშიშროების უწყებების გამიჯვნას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც გახოკიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, შსს თავისი ფუნქციებით – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვითა და დანაშაულის გახნით ერთ მხარეს უნდა დარჩეს.
“უწყებას ის სამსახურები უნდა გამოეყოს, რომლებიც სახელმწიფო უშიშროებისთვის საჭირო იქნება. ასეთი სამსახურებია: კონტრდაზვერვა, ტერორიზმთან ბრძოლა და თვითონ სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ყველაფერი ეს უნდა გაერთიანდეს და შეიძლება ცალკე სამინისტროს სახით ჩამოყალიბდეს, სააგენტო ან დეპარტამენტი დაერქვას“,- განაცხადა გახოკიძემ.
მისივე თქმით, შსს-ს გაყოფით ერთი უწყების ხელში ამხელა ძალაუფლება აღარ იქნება და ამის გარდა, პრემიერს იმის საშუალება ექნება, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია ორივე უწყებაში გადაამოწმოს.
„შსს-ს გაყოფით, ერთი უწყების ხელში ამხელა ძალაუფლება თუ ტექნიკური საშუალებები აღარ იქნება. ამის გარდა, პრემიერს საშუალება ექნება, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია ორივე უწყებაში გადაამოწმოს. თუ ერთ-ერთ უწყებაში უკანონო საქმიანობამ, კორუფციამ ან ამა თუ იმ ტიპის დანაშაულმა ფეხი მოიკიდა და სისტემური ხასიათი მიიღო, მეორე უწყება მას ყოველთვის ფხიზლად დააკვირდება. მსოფლიო პრაქტიკაში ასეა, რომ ეს ორი უწყება ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტია, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ“,- განაცხადა გახოკიძემ.
ის ასევე აცხადებს, რომ ამ ორივე უწყებას ფარული მიყურადების უფლებაც ექნება, ვინაიდან ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის განხორციელება ორივე უწყების კომპეტენციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები