რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის განხილვაა. ამის ფონზე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებებზე მუშაობის დაჩქარების შესახებ განაცხადეს“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9-10 დეკემბერს ჟენევაში შედგა შეხვედრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, დე ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა და გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა. დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ჯგუფში საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების შესახებ სიტუაცია განიხილეს. საუბარი იყო კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის პერპექტივებზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უნდა შემცირდეს დაძაბულობა, ნდობა აღდგეს და საზღვრის ორივე მხარეს მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომის პირობები გაუმჯობესდეს. დადებითი შეფასება მიიღო ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების საერთო მექანიზმის რეგულარულმა საქმიანობამ საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის რაიონში და კავშირგაბმულობის „ცხელი ხაზების“ ოპერატიულმა ფუნქციონირებამ.
გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მექანიზმის მოქმედება საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონშიც განახლდება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კონკრეტული მონაცემები წარმოადგინეს ორი რესპუბლიკის საზღვრების გადაკვეთის დადებითი დინამიკისა და ამ საკითხში ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონისა და აფხაზეთის გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის პრობლემების არ არსებობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგარეო უწყება წერს, რუსულმა მხარემ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებების გარანტად საკუთარი მზადყოფნა დაადასტურა. „აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ნატოში სწრაფვის, თბილისისთვის უელსის სამიტზე „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის“ შეთავაზების, ქართულ ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნისა და საქართველოში ახალი შეიარაღების მიწოდების აღდგენის ფონზე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამ კონტექსტში აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენაა მიმართული და არ შეიცავს პუნქტებს, რომლებიც მესამე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მით უმეტეს საუბარი არ არის „ანექსიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2015 წლის მარტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები