პუტინმა უკრაინის შესახებ გამოსვლის ტექსტი შეცვალა: ის უფრო რბილი და მეგობრული გახდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ, ბოლო მომენტში უფლებადამცველების წინაშე საკუთარი გამოსვლის ტექსტი შეცვალა. ამერიკული გამოცემა „თაიმის“ ჟურნალისტის საიმონ შუსტერის ინფორმაციით, პუტინმა ტექსტიდან უკრაინის ხელისუფლების მიმართ მძაფრი კრიტიკა ამოიღო.
შუსტერის ინფორმაციით, კრემლის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ტექსტის მონახაზით, პუტინს უნდა ეთქვა, რომ „არც საერთაშორისო აქტებმა, არც ადამიანთა უფლებების დაცვის სტრუქტურებმა უკრაინული მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების მასობრივ განადგურებას ხელი ვერ შეუშალეს“.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო მომენტში პუტინმა ეს ფრაზა გამოტოვა.
„თაიმის“ ჟურნალისტთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმის კომენტირებაზე, თუ რატომ გამოტოვა პუტინმა აღნიშნული ფრაზა, უარი განაცხადა. თუმცა კითხვაზე: „არის თუ არა ეს უკრაინის მიმართ პუტინის პოზიციის შეცვლის მანიშნებელი“, პესკოვმა უპასუხა: „არა, აბსოლუტურად არა“.
შუსტერის მოსაზრებით, „რუსეთის პოზიცია უკრაინის მიმართ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე უკვე დარბილდა“. შუსტერის თქმით, ამაზე, თუნდაც, ის განცხადება მეტყველებს, რომ „რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს“.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ „ვნუკოვოს“ აეროპორტში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრისას ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები