თეა წულუკიანი: სასამართლოში შიდა პრობლემებია, რომლებიც კუბლაშვილმა ვერ მოაგვარა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიშში არ არის მითითებული, რომ მოსამართლეს ვინმესგან გარე ზეწოლა ემუქრება.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ სასამართლოში შიდა პრობლემებია, რომელიც უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კოსტანტინე კუბლაშვილმა ვერ მოაგვარა.
„ვერსად ვერ ნახავთ, დღეს „ოდირი“ ამ ანგარიშის მიხედვით თვლიდეს, რომ საქართველოში მოსამართლეს ვინმესგან გარე ზეწოლა ემუქრება. ეს ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული პრობლემაა საქართველოში. თუმცა, სასამართლოს ხელმძღვანელს კოსტანტინე კუბლაშვილს მოუწევს აღიაროს, რომ მან სასამართლოს შიგნით პრობლემები ვერ მოაგვარა. სისტემით შიგნით ისეთი პრობლემა, როგორიცაა მოსამართლის დამოუკიდებლობა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობისგან კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 14 გახმაურებულ საქმეზეა საუბარი, რომელშიც ბრალდებულები ყოფილი ხელისუფლების წევრები არიან. ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში სასამართლოს მუშაობა პოზიტიურად არის შეფასებული, თუმცა, საუბარია გარკვეულ ხარვეზებზეც.
„სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული განცხადებები წინა მთავრობის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, საზოგადოებაში გარკვეულ სპეკულაციებს იწვევდა და სასამართლო სისტემას აკნინებს“, – აღნიშნულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები