პრეზიდენტი: მუდამ ვიდგები ჩვენი თითოეული მოქალაქის თავისუფლების სადარაჯოზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტი თანამოქალაქეებს ჰპირდება, რომ მუდამ იდგება თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე.
„დღეს საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც წელს გამოირჩევა დევიზით – ადამიანის უფლებები 365.
ადამიანის უფლებები არ არის დამოკიდებული ქვეყნებსა და მთავრობებზე, არ წარმოადგენს რომელიმე სოციალური თუ ინტელექტუალური ჯგუფის კუთვნილებას ან ჯილდოს სწორი ქცევისთვის. ეს არის კაცობრიობის მონაპოვარი – ის იდეალები, რომლებიც ცივილიზაციასთან ერთად ვითარდება და კიდევ უფრო მტკიცდება.
სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც კი ხშირად ვაწყდებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომლებსაც ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა საფუძველი აქვს. სულ ახლო წარსულში ჩვენი საზოგადოება გახდა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების მომსწრე. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ზრუნავდეს ყოველი მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ხმა აღიმაღლოს უკანონობისა და ძალადობის ყოველი შემთხვევის წინააღმდეგ.
მე, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი, ამ მიმართულებით მუშაობას ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ და ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.