კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს წყვეტს და საპროტესტო გაფიცვას იწყებს

 

   კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს წყვეტს და საპროტესტო გაფიცვას იწყებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროტესტო აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
საპროტესტო გაფიცვაში მონაწილეობას კომპანიის მფრინავები, ტექნიკოსები და სხვა თანამშრომლები მიიღებენ.
რაც შეეხება ავიაკომპანიის მოთხოვნებს, ესენია – გაუქმდეს რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი 8 ივლისის ნოტა, რომლითაც რუსეთის ავიაკომპანიებს მიენიჭათ შეუზღუდავი უფლება თბილისი-მოსკოვი-თბილისი მიმართულებით ფრენებზე; დაუყოვნებლივ გაუქმდეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ რუსულ ავიაკომპანიებზე გაცემული ფრენის ნებართვები; რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლა აღდგეს იმ პირობით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე, ანუ 2006 წლის ნოემბრამდე.
ამასთან, რუსეთთან მოლაპარაკებები შეწყდეს იმ დრომდე, სანამ სააგენტო არ გამოიყოფა ცალკე სტრუქტურად და არ დაკომპლექტდება იმ კვალიფიციური მუშაკებით, ვისაც კვალიფიციურად შეეძლება მოლაპარაკებების გამართვა და ქვეყნის ინტერესების დაცვა.
დაუყოვნებლივ გადადგეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსი გურამ ჯალაღონია, დაინიშნოს კვალიფიციური კადრი და სააგენტო დაკომპლექტდეს პროფესიონალი მუშაკებით.
დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ავიაციის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსგან გამოყოფის შესახებ და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეცვალოს ის ნორმატიული აქტები, რაც წინა ხელისუფლებამ მიიღო და ქართული ავიაკომპანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
და ბოლოს, სასწრაფოდ აღუდგეს „ჯორჯიან ეარვეისს“ ფლაგმანის სტატუსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები