პრემიერი: შესაძლოა, შსს-ს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ, პოლიცია ცალკე იქნება (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.
პრემიერის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის საკითხზე იმუშავებს. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა.
„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც თავის დროზე იყო „ქართული ოცნების“ დაპირება–შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს უსაფრთხოების ბლოკი და მოხდეს შს სამინისტროს რეფორმირება. მე დავავალე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს, შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამას სჭირდება კარგი დაგეგმარება, რათა მოხდეს რისკების გათვლა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შეგნებულად არ შევეხეთ ამ საკითხს, რადგან იყო გარდამავალი პერიოდი, იყო გამოწვევები. დღეს არის ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია. ყველას მიეცემა საშუალება პროცესში ჩართულობის. დავსხდნენ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, რომელი მოდელი აჯობებს ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში. საქართველოსთვის როგორი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური. შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიცია. ეს არის იდეის დონეზე, მაგრამ თუ რა ფორმით განხორციელდება ის, ამაზე სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავს მთავრობა და ამის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nLrX5pbEuVU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები