ჩინეთში ფულის კუპიურებისგან ელექტროენერგიის მიღება დაიწყეს
ჩინეთის პროვინცია ხენანში ჩინეთში ხმარებიდან ამოღებული ბანკნოტების საშუალებით ელექტროენერგიის მიღება დაიწყეს. ამ ინფორმაციას ჩინეთის სამთავრობო გაზეთი „ჟენმინ ჟიბაო“ ავრცელებს.
ექსპერიმენტის განსახორციელებლად, ქალაქ ჩჟენჩჟოუს ცენტრალური ბანკი შემდგომი გამოყენებისთვის უსარგებლო კუპიურებს აგროვებს. ეს ფული შემდგომ ლოიანის ენერგოკორპორაციაში იგზავნება. მათ იქ რეცხავენ სარეცხი ფხვნილით, მისი უტილიზაციისას კი ელექტროენერგია გამოიყენება. სპეციალისტების გათვლებით, ერთი ტონა გამოუსადეგარი კუპიურებით 660 კილოვატი ელექტროენერგიის მიღებაა შესაძლებელი. შედეგად, ჩინეთში მიმოქცევიდან ფულის ამოღების სისწრაფის გათვალისწინებით, მხოლოდ პროვინცია ხენანში ძველი ბანკნოტების საშუალებით 1,320 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის მიღება და 4000 ტონა ნახშირის დაზოგვაა შესაძლებელი.
ჩინეთის ვალუტას ოფიციალურად „ჟენმინბი“ ეწოდება, ხოლო ფულის ერთეულს იუანი წარმოადგენს. ჩინელი მოვაჭრეები არცთუ ხალისით იღებენ დაზიანებულ ფულს, რადგან მათი გაცვლისას ბანკებში პრობლემები ხშირად იქმნება. იმის გათვალისწინებით, რომ სამომავლოდ კუპიურებისგან ელექტროენერგიის მიღების პრაქტიკის დანერგვა მთელ ჩინეთში იგეგმება, ეს პრობლემა შესაძლოა, საბოლოოდ მოგვარდეს.