„მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა
მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი დამხმარე სახელმძღვანელოს, „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა წარუდგინეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებს სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვან მეთოდოლოგიებს სთავაზობს, რომლებიც პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ არის შემუშავებული. წიგნის ავტორები ქართველი მოქმედი მასწავლებლები არიან და შესაბამისად სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა დღესდღეობით ქართულ სკოლებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.„მასწავლებლის წიგნი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებელში“ დაბეჭდილი საუკეთესო სტატიების კრებულია, რომელიც თითოეულ პედაგოგს ყოველდღიური საქმიანობისთვის ესაჭიროება. სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას უფასოდ გადაეცემა.სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჟურნალის საუკეთესო სტატიებს სხვა სასკოლო საგნებზე წიგნის სახით მომავალშიც გამოუშვებს.