მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არასოდეს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით, იმედს გამოვთქვამთ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობაც და მიზანიც იმისა, რომ მოვემზადოთ, იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო მთელი ჩვენი ერი გაერთიანებული
ჩვენ არასოდეს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით იმედს გამოვთქვამთ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობაც და მიზანიც იმისა, რომ მოვემზადოთ, იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო მთელი ჩვენი ერი გაერთიანებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს, ქვეყნის ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.
„არ შეიძლება ერთი ევროპარლამენტარის ან ევროსაბჭოს თავმჯდომარის შეხედულებით განისაზღვროს მთლიანი ევროპა და მისი ღირებულებები. ჩვენთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს მიზანს და გინდა თუ არა ევროკავშირის წევრი გვინდა ვიყოთ. ჩვენთვის ევროკავშირი არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს. ის ღირებულებები და ის ხელშესახები ჩვენი ტრადიციები, ეროვნული ინტერესები, სამართლიანობის განცდა, ეს მთელი შეკრული მექანიზმი აღსრულდეს. ამ თვალსაზრისით ვხედავდით ევროპაში ჩვენ თავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის შეფასებებმა ქართულ საზოგადოებაში ფასი დაკარგა და ევრობიუროკრატების გზავნილებს აღარ აქვს ის დატვირთა, რომელიც სამი, ოთხი ან ათი წლის წინ ჰქონდა.
„ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველ კვირა, ყოველ თვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ ბიუროკრატიას, რომელსაც წარმოადგენს კაია კალასი.
ჩვენი საზოგადოების თითქმის უმრავლესობა მარტივად ხვდება, რომ ის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი დამოკიდებულება, მათი მხრიდან დარღვეული დიპლომატიური ხედვები, არჩევნებში ჩარევები, ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის ჩვენდა სამწუხაროდ არსებული ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას და ამაში პირდაპირ შეგვიძლია ჩვენ დავადანაშაულოთ ევრობიუროკრატია, რომელმაც აჩვენა სახე და თავად ევროკავშირის კრიზისი, რომელზეც არა მარტო საქართველო არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო – აშშ, არსებულ ევროკავშირში ჩვენი თანამოაზრე ქვეყნების ლიდერები, უნგრეთი, სლოვაკეთი საუბრობს, ჩეხეთმაც დაიწყო საუბარი. გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოებებია, ეს მოასწავებს კრიზისს ევროკავშირში. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით ევროკავშირს, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული, სამართლიანი, თანასწორი დამოკიდებულება, ის, რისთვისაც ჩვენ გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.