მიხეილ ყაველაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომზე: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ომი დასრულდეს და ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით – მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა

ბოლო წლებმა და განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებულმა საომარმა ვითარებამ, ხელისუფლებას ძალიან კარგი გამოცდილება შეგვძინა, პრაგმატული, გონიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან აღნიშნული ომის თავიდან აცილებას ითხოვდა.

„პირველივე დღიდან ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელიც ითხოვდა, რომ არ შეიძლება ეს დავუშვათ, სასწრაფოდ შეიკრიბეთ დიდი ქვეყნები, რომ როგორმე ეს ომი ავიცილოთ და ეს უბედურებები, რაც შემდეგ განხორციელდა უკრაინაში. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ომი დასრულდეს და ამისთვის ნებისმიერ ფორმატს ვუერთდებით. გვსურს, რომ მშვიდობა დამყარდეს, ჩვენ ამისკენ ვიყავით ყოველთვის მოწოდებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები თითქოს ომის წინააღმდეგ არიან, მაგრამ პირდაპირ ხელს უშლიან სამშვიდობო მოლაპარაკებას.

„ერთია, თითქოს ომის წინააღმდეგ არიან, მეორე მხრივ პირდაპირ ხელს უშლიან სამშვიდობო მოლაპარაკებას. უთანხმოება მაკრონს და მერცს შორის ამასთან დაკავშირებით იყო, რომ ევროკავშირის დასასრულს ხედავენ თუ ომი დასრულდა. სამხედრო წარმოებაზე გადავიდა მთლიანად მათი ეკონომიკა და დამოკიდებულება. ამ გამოწვევებში, ამ ქაოსში, ჩვენ ვცდილობთ სამშვიდობო პოლიტიკა განვავრცოთ და ვცდილობთ იმათთან უფრო მჭიდრო კავშირს, ვისაც იგივე შეხედულებები აქვს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ საქართველომ, სადმე, რაიმე არასწორად გააკეთა. მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა ჩვენი ქმედებები ამ ომთან დაკავშირებით, როგორ ზომიერად, გონიერად და პრაგმატულად მოიქცა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები