სამებაში ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
როგორც “კვირას“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, ვასიკო და ნუკრი წიკლაურებს, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებს სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე 15.00 საათზე დაკრძალავენ, სამების ტაძარში პანაშვიდი კი, 12.00 საათზე დაიწყება. ბაბუშერას აეროპორტში აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა. ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელ ექსპერტ-ანთროპოლოგის მონაწილეობით განხორციელდა. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს. დნმ პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისთვის ზაგრების ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა.