ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

   გოგი ჭიჭინაძემ გადადგომის თაობაზე კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას განცხადებით უკვე მიმართა. განცხადება მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც განათავსა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო მეგობრებო, ჩემი კანდიდატურის წამოყენება და შემდგომ დანიშვნა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოხდა იმ პროექტის განხილვის საფუძველზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქუთაისი გადაიქცეოდა საქართველოს უმთავრეს სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრად. ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოღვაწეობის სურვილი გამიჩინა მუსიკალურ-საშემსრულებლო, საორკესტრო და საოპერო დარგის სავალალო მდგომარეობამ, ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა აქტიურობამ და მოტივაციამ. პროექტი იყო თეატრის, უფრო ფართოდ კი, ქალაქ ქუთაისის კულტურული და საგანმანათლებლო განვითარების ოთხწლიანი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი სტრატეგიული გეგმა, რომლის მოსალოდნელი შედეგი გაცილებით დიდ სიკეთეს მოუტანდა ქალაქს, ვიდრე მის განსახორციელებლად დახარჯული ფინანსური რესურსი იქნებოდა.
პროექტის პირველი წლის ბიუჯეტი იყო 17 მილიონი ლარი, რაც ოთხჯერ უფრო ნაკლებია გერმანიისა და იტალიის ნებისმიერი პატარა ქალაქის ოპერის თეატრის დაფინანსებაზე. პროექტის მიზანი იყო საერთაშორისო აღიარების მქონე თეატრის შექმნა, იგეგმებოდა საერთაშორისო შემოქმედებითი მისაღები კონკურსის გამართვა, რომლის საფუძველზეც, არსებულ შემოქმედებით რესურსთან თანხვედრით, დაკომპლექტდებოდა მაღალი პროფესიული სინჯის კოლექტივი, რომელიც შეძლებდა საერთაშორისო აღიარების მოპოვებას. იმედი მქონდა, რომ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდებოდა, მით უფრო, რომ ის არაერთი ექსპერტის და რაც მთავარია, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ იყო შესწავლილი და მოწონებული, რომელთა გამოცდილება და საქმიანი რჩევები იმთავითვე გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, მიხდება დაკავებული თანამდებობიდან – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა.
შესაბამისი განცხადებით დღეს უკვე მივმართე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ მირიანე ოდიშარიას. ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელ მადლობას ვუხდი თეატრის მთელ კოლექტივს, თითოეულ თანამშრომელს, ვისთან ერთადაც ხუთი თვის განმავლობაში მომიწია მუშაობა სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, უწინარესად კი, მადლობას ვუხდი ქუთაისელ მსმენელებსა და მაყურებლებს მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის, რასაც მუდამ ცხადად ვგრძნობ აგერ უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები