“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტი დააპატიმრეს (ვიდეო)
“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას ბაქოს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდება. ბაქოს სასამართლოს ინფორმაციით, ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ტურალ მუსტაფაევას საქმის გამო დააკავეს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა.
სასამართლო ხადიჯა ისმაილოვას მუსტაფაევას თვითმკვლელობამდე მიყვანაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანის პროკურატურა ხადიჯა ისმაილოვას ასევე ადანაშაულებს სოციალური ქსელების მეშვეობით დოკუმენტების გავრცელებაში, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იყენებენ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები სექსუალური სცენების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ოპოზიციის აქტივისტთა დაშანტაჟების მიზნით.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამიზ მეხთიევმა საჯაროდ დაადანაშაულა ხადიჯა ისმაილოვა ღალატში და “რადიო თავისუფლების” თანამშრომლებს უცხოეთის ჯაშუშები უწოდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ხადიჯა ისმაილოვას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა მისი დაშინება, რომელიც ჟურნალისტის თავისუფალი და კრიტიკული ხმის ჩახშობისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.
თავად დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებული გამოძიება ქვეყნის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის კამპანიის ნაწილია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5OiwRgVlDZ8″ width=”560″ height=”315″]