“ვნახეთ, როგორი აქტიური იყო ბრძოლა კორუფციასთან, როგორც არასდროს – შეიძლება, ამ პერიოდის მანძილზე ისე იყო გააქტიურებული კორუფციასთან ბრძოლა, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში” – წილოსანი
“ვნახეთ, როგორი აქტიური იყო ბრძოლა კორუფციასთან, როგორც არასდროს – შეიძლება, ამ პერიოდის მანძილზე ისე იყო გააქტიურებული კორუფციასთან ბრძოლა, ეს თავისთავად აისახა კონკრეტულ მაჩვენებლებში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაზრდილ სტატისტიკას სრულიად არასწორად თარგმნიან. რა თქმა უნდა, როდესაც გამოცხადებული გაქვს შეუპოვარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, გამოვლენილი ფაქტები ბუნებრივად იზრდება, თუმცა, სწორედ ამ გამოვლენილ ფაქტებს მოჰყვება ის, რომ სერიოზული პრევენციის ეფექტი აქვს და უკვე ყველამ იცის, რომ კორუფციის არანაირი შემთხვევა არ იქნება შეწყალებული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანმა ასევე შს მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნაზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი და გუნდის ყველა წევრი მიესალმება სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას მინისტრის პოზიციაზე. ის არის გამოცდილი მუშაკი, რომელიც ათწლეულებია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია, ის უყვართ მის ყოფილ თანაგუნდელებს და, რა თქმა უნდა, მოხარულები იქნებიან მისი დაბრუნებით“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.