“ბოლო წლებია, თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი .წ. ოპოზიციის გვერდში” – კირცხალია
“ბოლო წლებია, თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე.წ. ოპოზიციის გვერდში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
„სწორედ ამ დღეში როცაა ეს აგენტურული ქსელი, ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ და რომელიც არის იარაღი მათ ხელში, გრძნობენ რომ ეს ვერ მოქმედებს და საზოგადოებამ მათ თავისი სახელი დაარქვა მათთან ერთად, სწორედ ამიტომ არიან ასე თავხედურად და ღიად გამოსული ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი განცხადებებით თუ ქმედებებით.
როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ თურმე ლგბტქ+ პროპაგანდა ბავშვებში, არასრულწლოვანებსა და ზოგადად ქვეყანაში ევროპული გზა არის და ოჯახური ღირებულებების დაცვა თურმე ანტი ევროპულია; როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ და გიკნინებენ ყოველდღიურ და წლების რეჟიმში ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე სათნოს – სარწმუნოებას; როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე აქ არ უნდა იყოს ასეთი ძლიერი ეკლესია და ამაზე სუსტ ეკლესიაზე გადის ევროპული გზა, რა თქმა უნდა ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა, როდესაც ქართველ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. ვერც მათ და ვერც მათმა პატრონებმა ვერ შეიცნეს რეალურად რა სურს ჩვენს საზოგადოებას“, – განმარტა კირცხალიამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.