კადიროვმა რადას 3 დეპუტატის დაკავების და ჩეჩნეთში ჩაყვანის ბრძანება გასცა
ჩეჩნეთის ლიდერმა უზენაესი რადას 3 დეპუტატის დაკავების და ჩეჩნეთში ჩაყვანის ბრძანება გასცა. „იტარ-ტასის“ ცნობით, კადიროვი იმ დეპუტატების დაკავებას ითხოვს, რომლებმაც 4 დეკემბერს გროზნოში „ბოევიკების“ ქმედებებს მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ „იმარატ კავკაზის“ „ბოევიკებმა“ პოლიციელებზე თავდასხმა განახორციელეს და გროზნოს საგამომცემლო სახლი დაწვეს. შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა.
„იტარ-ტასის“ ცნობით, რადას 3 დეპუტატის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„დღეს საღამოს სამართალდამცავ ორგანოებს დავავალე უკრაინის დეპუტატების – იური ბერიოზას, ანდრეი ლევუსას და იგორ მოსიიჩუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. მათ საჯაროდ დაუჭირეს მხარი ტერორისტებს, რომელთა ქმედებების გამო 14 სამართალდამცავი დაიღუპა. ეგრეთ წოდებული დეპუტატები ბანდიტური ქმედებების ხელშეწყობის ინიციატივით გამოვიდნენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დაუსჯელად შეიძლება ტერორიზმის მხარდაჭერა, მწარედ ცდება. ნებისმიერს, ვინც სიტყვით ან დოლარით მორალურ და მატერიალურ ხელშეწყობას გამოხატავს, მიწიდან ამოვთხრით ან ღრმად მიწაში ჩავმარხავთ“, – დაწერა კადიროვმა „ინსტაგრამზე“.