ახალი წიგნის: „მუსიკა – ილუსტრირებული ისტორია“ წარდგენა გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ დარბაზში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ ახალი წიგნის წარდგენა „მუსიკა – ილუსტრირებული ისტორია“ გაიმართება.
პრეზენტაციაზე საუბარი იქნება მუსიკის ისტორიასა და ძველებურ საკრავებზე. ასევე წიგნის წარდგინების შემდეგ შესრულდება ბაროკო, კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ეტიუდები. პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი იქნება ძველებური საკრავები.
„მუსიკა კაცობრიობის უნივერსალური ენაა“, – ამბობს ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო.
მუსიკა მსმენელში ყოველთვის ემოციების მთელ კასკადს აღძრავდა, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანას, კულტურასა თუ კლანს მიეკუთვნებოდა იგი. მუსიკას ეკავა ძირითადი ადგილი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობასა თუ რელიგიურ რიტუალებში, ის იყო გართობის, დასვენებისა და ხშირად შემეცნების მნიშვნელოვანი საშუალებაც.
შესაბამისად, მუსიკამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. ყველაფერი ნიჟარებისა და ძვლებისაგან დამზადებული უძველესი საკრავებით დაიწყო და დღემდე დახვეწილი ელექტროგიტარებითა თუ სინთეზატორებით გრძელდება.
ეს ყოვლისმომცველი ილუსტრირებული სახელმძღვანელო ყველა მნიშვნელოვანი ჟანრის წარმოშობის ისტორიას მოგვითხრობს – შუა საუკუნეების საგალობლებით დაწყებული, პომპეზური კლასიციზმით, თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზით, როკით, ჯაზით, ჰიპ-ჰოპითა და პოპით დამთავრებული. აქ აღმოაჩენთ მთელი მსოფლიოს საკრავების ოჯახებს; ნახავთ, როგორ განვითარდა ფორტეპიანო და ვიოლინო; შეხვდებით საკულტო ფიგურებს – მოცარტს, ბეთჰოვენს, ჯორჯ გერშვინს, ელვის პრესლის, ჯონ ლენონს, დევიდ ბოუის…
გაეცნობით პოპულარულ ნაწარმოებებს – სონატებს, ოპერებსა თუ სიმფონიებს, და გაიგებთ, როგორ შეცვალა მუსიკამ სამყარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები