შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან დაწესდა – შშმ ადამიანების უფლებების თანასწორობის ღირსების პატივსაცემად.
ამ თარიღის აღსანიშნავად ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სპორტული ფესტივალი ჩატარდა. შეჯიბრება სპორტის ოთხ სახეობაში, ნარდში, შაშში, მკლავჭიდსა და წოლჭიმში გაიმართა. სპორტულ პაექრობაში ერთმანეთს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ახალციხის, მარნეულის, ზუგდიდის, სენაკის, საჩხერის, ჭიათურის, ვანისა და ტყიბულის 250-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი დაუპირისპიდა. შეჯიბრების შემდეგ თბილისიდან მოწვეულმა პარაოლიმპიური სპორტული სახეობების მონაწილე სპორტსმენებმა საჩვენებელი მატჩი გამართეს კალათბურთში. საღამოს კი სპორტსმენებმა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც შშმ პირთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემდეგ კი მათ საპატივცემულოდ გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც უსინათლო მომღერლებიც მონაწილეობდნენ.