“არ ვიცი, რა სტატუსით ჩადის უკრაინაში ზვიად ჯანყარაშვილი, როცა იქ გვყავს მოქმედი ელჩი”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის კომიტეტს უკრაინაში საქართველოს ელჩის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო უწყება, მთავრობის წევრების უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო.
“მიხეილ უკლება ჩემი ახლო მეგობარია, ის უმაღლესი რანგის პროფესიონალია და ძალიან კარგი ელჩია უკრაინაში, მაგრამ მარტო ელჩი ვერაფერს გახდება. უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო უკრაინასთან კონტაქტის თვალსაზრისით ჩვენი საგარეო უწყება, მთავრობის წევრებიც უფრო ხშირად უნდა ჩასულიყვნენ ვიზიტით კიევში და მაშინ ელჩსაც უკეთ გაეხსნებოდა ხელები. ამიტომ, არ შეიძლება მხოლოდ ელჩზე გადატეხო ჯოხი. მიხეილ უკლებას ზვიად ჯანყარაშვილით შეცვლის თაობაზე საგარეო კომიტეტს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. არ ვიცი, რა სტატუსით ჩადის უკრაინაში ზვიად ჯანყარაშვილი, როცა იქ გვყავს მოქმედი ელჩი”, – განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.
ჯანყარაშვილის უკრინაში ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები