პირობით მსჯავრდებულები ხანდაზმულებს დაეხმარნენ
პრობაციის რეგიონული ბიუროების ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულებმა კახეთსა და თბილისში ხანდაზმულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული აქციები მოაწყეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ”კათარზისის” პერსონალს ხანდაზმულთა მომსახურებაში ამჯერად თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პრობაციონერი ქალბატონები დაეხმარნენ. მათ მოხუცებს სადილი გაუწყეს. აღსანიშნავია, რომ თბილისელი პირობით მსჯავრდებულები „კათარზისის“ ბენეფიციართა მომსახურებაში 2013 წლიდან სისტემატურად მონაწილეობენ. მოხუცებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებიც ჩაებნენ. მათ თელავის სათნოების სახლის მოხუც ბენეფიციარებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, სადილი შინ მიართვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, პრობაციის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, რაც პრობაციონერებს ჩადენილი შეცდომის გააზრებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.