ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ესწრებოდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – “საქართველო 2020” პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები წარუდგინა და შემდგომში გადასადგმელ ნაბიჯებზე ყურადღება გაამახვილა.
„ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში ბიზნესმენებს ინფორმაცია მივაწოდეთ ეკონომიკური აქტიურობის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020″-ის შესახებ. ბოლო ნაწილი კითხვებს და შეფასებებს დაეთმო. შემიძლია ვთქვა, რომ შეფასებები იყო დადებითი, რამაც უფრო მეტი სტიმული მოგვცა. კითხვები იყო, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირებასთან და ფინანსურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, სამუშაო ჯგუფების მეშვეობით, რამდენიმე მიმართულებით: ტურიზმზე, მეცხვარეობაზე, მეფუტკრეობაზე გავაგრძელოთ მუშაობა, რათა არსებული პრობლემები შესაბამის სამინისტროებთან ერთად მოვაგვაროთ. მთავარი მაინც ის არის, რომ პოზიტიური და კარგი შეხვედრა იყო და ორივე მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ არსებული პრობლემები და ხარვეზები ძალიან მალე გამოსწორდეს”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის კახა კოხრეიძის განცხადებით, ბიზნესმენებმა ფინანსთა მინისტრთან, ძირითადად, საგადასახადო თემატიკაზე ისაუბრეს. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საგადასახადო საკითხები იყო. მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – “საქართველო 2020″ პროექტი წარადგინა. მნიშვნელოვანი მიმართულებაა მაკროეკონომიკური საკითხები და საგადასახადო პრობლემატიკა, მომავალში საურავებისა და ჯარიმების ლიბერალიზაცია. ბიზნესისთვის ამ საკითხებში კომუნიკაცია მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა კახა კოხრეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები