“თელასი” სატრანსფორმატორო ჯიხურების გადაცემას ითხოვს

 

    კომპანია “თელასი” კვალიფიცირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების გადაცემას ითხოვს. აღნიშნულის თაობაზე კომპანია განცხადებას ავრცელებს.
“გლდანის ასფალტის ქარხნის საკუთრებაში არსებული ელექტროკაბელის დაზიანების გამო 1 დეკემბერს, 19 საათსა და 45 წუთზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა გლდანის რაიონის 331 აბონენტს – ჭედიას, შუშის, ლაზოს, წყალსადენის, სარაჯიშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს. იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული ელექტროკაბელი არ არის სს “თელასის” ბალანსზე, კომპანიამ გაითვალისწინა აბონენტების ინტერესები და ოპერატიულად შეაკეთა დაზიანებული კაბელი, რადგან არაერთი მიმართვის მიუხედავად, ქსელის მესაკუთრემ უარი განაცხადა აღდგენითი სამუშაოების დროულად ჩატარებაზე.
აბონენტების ენერგომომარაგება 2 დეკემბრის ღამის 1 საათსა და 35 წუთზე აღდგა. აღსანიშნავია, რომ სს “თელასის” მუშაობის ერთ-ერთ ხელის შემშლელ მიზეზს წარმოადგენს ელექტროქსელი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციის საკუთრებაშია. ამ ორგანიზაციების საქმიანობის პროფილი არანაირად არ ითვალისწინებს ქსელის რემონტის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების განხორციელებას. აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს “თელასის” ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი არ არის კომპანიის საკუთრება. ამის გარდა, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც უბრალოდ საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. ამჟამად თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების დაახლოებით 46% “თელასს” არ ეკუთვნის. სს “თელასის” კიდევ ერთხელ მიმართავს ამ ორგანიზაციებს, აღნიშნული აქტივების კომპანიის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით, რათა შეძლოს ქსელის კვალიფიცირებული მომსახურების უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია “თელასის” გგანცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები