კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პრინციპს საფრთხის შემცველად მიიჩნევს
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ შენიშვნებს მთავრობას შესთავაზებს.
აღნიშნულ საკითხზე “ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, დღევანდელ კონფერენციაზე მოსამართლეები უცხოელ პარტნიონერებთან ერთად განიხილავენ უცხო ქვეყნების მოდელებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს არსებული სისტემა მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმებთან და პროცედურებთან მიმართებაში.
“დღეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის პრინციპი მუშაობს. მოსამართლეები სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევიკრიბეთ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად გვინდა, რომ ფართო იურიდიული წრეები, საზოგადოება, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება დავარწმუნოთ, რომ სამწლიანი დანიშვნა არ არის სწორი. ეს არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი”, – განაცხადა კონსტნატინე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე მოსამართლეს 10- წლიანი ვადა ეწურება და სასაცილოა ის, რომ ისინი სამი წლის ვადით უნდა გადამოწმდნენ.
“რამდენიმე მოსამართლეს ათწლიანი ვადა ეწურება და ჩვენ ისინი სამი წლის ვადით უნდა გადავამოწმოთ. ძალიან სასაცილოა, იმიტომ, რომ როცა10 წელი იმუშავა მოსამართლემ, ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს იმის, რომ მასზე პირდაპირ მივიღოთ უვადო დანიშვნის გადაწყვეტილება ან არ დავნიშნოთ ისინი იმ მოტივით, თუკი მათი ათწლიანი საქმიანობა გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს”, – განაცხადა კუბლაშვილმა.