მტკვარი გაქრება?! – ასპინძაში მდინარის ადგილზე გუბეებია დარჩენილი!

ასპინძაში საქართველოს დედამდინარის ადგილზე გუბეებია დარჩენილი! – გარემოს დაცვის მინისტრმა თურქეთში სასწრაფო წერილი გაგზავნა, – ამის შესახებ “კვირის პალიტრა“ წერს და ასპინძის სასოფლო – საკონსულტაციო ცენტრის აგრონომ ნუგზარ კაველიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ნუგზარ კაველიძემ განგაში მაშინ ატეხა, როცა თურქეთის საზღვარზე, ნასოფლარ ოლოდაში, – სადაც ქართველი მესაზღვრეების დისლოკაციის ადგილია, მტკვრის ადგილაზე მხოლოდ გუბეები დახვდა.
“მსგავსი ჯოჯოხეთის შეგრძნება სიცოცხლეში არ მქონია, დამშრალი მტკვარი რომ დავინახე, ისეთი საშინელება იყო, ჯერ დაჯერებაც არ მინდოდა, “თავის დასაცავად” ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ეს სიზმარია-მეთქი? თუმცა სიზმარი რომ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, – თურქეთის საზღვრიდან, ვიდრე ჩვენი მდინარეეები შეურთდებოდნენ, მტკვარი აღარ მოდის, აღარ არსებობს! მის ადგილზე მხოლოდ გუბეებია დარჩენილი. იმ ტერიტორიიდან კი, სადაც მტკვარს მარცხნიდან პატარა მდინარეები: დუმელია და ბუზმარეთი უერთდებიან, ხოლო მარჯვნიდან – ხავეთი და ოკამი, მტკვრის კალაპოტში უკვე წყალი მიდის, მაგრამ ეს მტკვარი აღარ არის, – მარჯვნიდან და მარცხნიდან 2-2 მეტრით დავიწროებული და დათხელებულია. თანაც, ეს ახლა, როცა წვიმს, თორემ, გვალვებისას, როცა ჩვენი პატარა მდინარეები დაშრება, გამოდის, მტკვრის კალაპოტში წყალი საერთოდ აღარ იქნება! ამას ისიც ემატება, რომ დამშრალ კლაპოტში უწყლობისაგნ დახოცილი თევზიც ყრია, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვეცნობოდი განგაშს აზერბაიჯანულ პრესაში, – თურქეთი საქართველოს საზღვრებთან ჰესს აკეთებს, რისთვისაც მტკვარს კალაპოტს უცვლისო! აზერბაიჯანელები იმაზე წუხდნენ, მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება და ეს ჩვენს ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებსო! თუ ეს ამბავი აზერბაიჯანის ეკოლოგიაზე კატასტროფულად იმოქმედებს, მაშინ ჩვენ რაღა მოგვივა?! – მთელი თბილისის საკანალიზაციო ქსელი მტკვრით იწმინდება. იქამდე კი ნახევარი საქართველო სარწყავად იყენებს. გარდა ამისა, მესხეთში მტკვრის ულმაზეს ხეობას ვკარგავთ. ეს ის მდგომარეობაა, რისი შედეგების აღწერა ადამიანურ ფანტაზიას აღემატება, მეწყერის ჩამოწოლის ვერსია სრული სისულელეა, – 2 კვირა დაგუბებული მტკვარი თურქეთსაც დატბორავდა და ჩვენც. ჩემი აზრით, არც ჰესის ავსებას უნდა სჭირდებოდეს 2 კვირა! “- აცხადებს კაველიძე.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოძში განმარტავენ, თურქულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე დადგინდა, რომ თურქული მხარე არსებული წყალსაცავებს ავსებს ზამთრისთვის.
“შესაბამისად, მდინარე მტკვარში წყლის დონის კლება განპირობებულია ამ ფაქტით და არანაირად არ არის კავშირში ჰესის პროექტთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთთან თანამშრომლობის შედეგად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს ამ საკითხზე ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას. იმისთვის, რომ დადასტურდეს არაფორმალური არხებით მიღებული ინფორმაცია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სასწრაფო წერილი გაუგზავნა თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს, ბატონ ეროღლუს. წერილზე პასუხს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებით. მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტი წყლის რესურსს, ვიდრე თურქეთიდან შემოდის, შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით დროებითი შემცირება არ წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს”, – განმარტავენ სააგენტოში.

წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები