თბილისში სახელფასო ბარათიდან მფლობელისგან დამოუკიდებლად თანხა გაქრა – “ფრთხილად, თქვენი ბარათი დაუცველია”

ფრთხილად, თქვენი სახელფასო ბარათი დაუცველია, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
დაზარალებული თამთა კოკელაძე გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ მას სახელფასო ბარათიდან თანხა მისგან დამოუკიდებლად ეჭრებოდა და „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ირიცხებოდა, ბარათი კი „საქართველოს ბანკის“ მიერ იყო დამზადებული, თუმცა სანამ ბანკმა ბარათი დაბლოკა გარკვეული თანხა უკვე ჩამოჭრილი იყო.
„4 ნოემბერს, ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, ჩემს ტელეფონზე ძალიან უცნაური სმს მოვიდა, რომლის მიხედვითაც ჩემი სახელფასო ანგარიშიდან დაახლოებით სამი დოლარი და რამდენიმე ცენტი გადაირიცხა აშშ-ში, რომელიღაც სასტუმროში. ჩემი არხებით მოგვიანებით გავარკვიე, რომ ასეთი სასტუმრო ბუნებაში არ არსებობს. ეს იქიდან ჩანს, რომ ეს თანხა დღემდე ჰაერშია. ჩემს ანგარიშზე არის გაყინული. ჩემი სახელფასო ბარათი არასოდეს დამიკარგავს. თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც შეცდომა იყო. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, მოვიდა შემდეგი სმს, რომლის მიხედვითაც უკვე მსხვილი თანხა, რამდენიმე ასეული ლარი გადაირიცხა acharabet.com-ზე. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მომენტალურად გავხსენი ინტერნეტბანკინგი. თან დავრეკე „საქართველოს ბანკში“, „ცხელ ხაზზე“. შევატყობინე ყველაფერი, ვთხოვე დახმარება – დაებლოკათ თანხა და გაერკვიათ, რა ხდებოდა. ჩემს ინტერნეტბანკზეც აჩვენა, რომ თანხა ჩამოიჭრა. სანამ „საქართველოს ბანკმა“ პაროლი მოიკითხა და სანამ ბარათი დაბლოკეს, კიდევ ორი შეტყობინება მოვიდა ასევე მსხვილ თანხებზე, რომელიც ქრებოდა ჩემი ბარათიდან „აჭარა ბეთის“ მიმართულებით. როცა „საქართველოს ბანკის“ ქოლცენტრის ოპერატორმა ჩემი ბარათი დაბლოკა, მასზე დარჩენილი იყო მხოლოდ 15 ლარი. ვთხოვე, როგორღაც შეეჩერებინათ ეს ტრანზაქცია, ვინაიდან მას მე არ ვახორციელებდი, ხელში მეჭირა ბარათი. ბანკმა კი მითხრა, რომ ლეგალურად ხორციელდებოდა ოპერაცია“, – იხსენებს კოკელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები