„ჩვენ ვაშენებთ და უნდა გავაგრძელოთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების საზოგადოების მშენებლობა“
ჩვენ ვაშენებთ და უნდა გავაგრძელოთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების საზოგადოების მშენებლობა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის სამართლებრივი პროცესები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, იყო და არის საფუძველი სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისა.
“ჩვენ ვაშენებთ და უნდა გავაგრძელოთ მშენებლობა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების საზოგადოებისა, სადაც პოლიტიკური ძალები და პარტიები ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეკონკურენტებიან. ამ თვალსაზრისით მე ვიცი, რომ უმცირესობის მხრიდან სერიოზული კრიტიკა არსებობს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შარშან ჩვენ შევძელით, ერთი მხრივ, გაგვეძლო იმისთვის, რა მოთხოვნაც ქვეყნის შიგნიდან იყო და, ამავდროულად, გაგვეძლო იმ წნეხისთვის, რაც გარედან მომდინარეობდა და არ გადავხრილიყავით პოლიტიკური დევნის, ან პირიქით – პოლიტიკური ნიშნით შემწყნარებლობის მიმართ. ის სამართლებრივი პროცესები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, იყო და არის საფუძველი სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებისა. თავისუფლება და ჩართულობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენს საზოგადოებას ერთიან ორგანიზმად აყალიბებს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.