კორნელიუს გურლიტის კოლექციის ბედი გადაწყდა (ვიდეო)
ცნობილი გახდა, თუ ვის გადაეცემა კორნელიუს გურლიტის ფერწერული კოლექცია. „ვესტი. რუს“ ცნობით, ნამუშევრების დიდ ნაწილს შვეიცარული ბერნის ხელოვნების მუზეუმს გადასცემენ, დაახლოებით 500 ნახატი კი კერძო პირების – კანონიერი მფლობელების მემკვიდრეების საკუთრება გახდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი კორნელიუს გურლიტის გრანდიოზული კოლექცია, რომლის საფასური მილიარდ ევროზე მეტია, 2 წლის წინ აღმოაჩინეს. სხვადასხვა მხატვარ-მოდერნისტის 1300 ნახატი ჩვეულებრივ ნაქირავებ ბინაში, მიუნხენში იპოვეს.
კოლექციაში პაბლო პიკასოს, მარკ შაგალის, პიერ ოგიუსტ რენუარის, ანრი მატისის და სხვების ნამუშევრები იყო.
„ბერნის მუზეუმის ხელმძღვანელობამ კორნელიუს გურლიტის მემკვიდრეობის მიღების გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ჩვენთვის მისი ანდერძი სრული მოულოდნელობა იყო. მისტერ გურლიტმა ჩვენი მუზეუმი მემკვიდრედ წმინდა მოტივებზე დაყრდნობით აირჩია“, – განაცხადა ბერნის მუზეუმის პრეზიდენტმა კრისტოფორ შოიბლინმა.
შესაძლოა, გურლიტის შესახებ ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა, რომ არა მატარებლის შემთხვევითი საბაჟო გადამოწმება. მაშინ პოლიციამ 80 წლის მამაკაცს დიდძალი თანხა აღმოუჩინა, რის შემდეგ სამართალდამცავებმა გურლიტის ბინაში ჩხრეკის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ბინაში მათ გრანდიოზული კოლექცია აღმოაჩინეს. ეს კოლექცია გურლიტს მამამისისგან ერგო, რომელიც ჰიტლერთან ხელოვნებათმცოდნედ მუშაობდა. კოლექციის ნაწილი მან საკუთარი სახსრებით შეიძინა, ნაწილი კი ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერით ნამუშევრების მფლობელებს წაართვა.
ბერნის მუზეუმის ხელმძღვანელობის თქმით, მოპარული ნამუშევრები არასდროს არ გამოიფინება მათ მუზეუმში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=sUwZMVRU6yA” width=”560″ height=”315″]