ჩეხეთის პრეზიდენტმა ამერიკულ ლუდს „ბინძური წყალი“ უწოდა
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ყაზახეთში რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკულ ლუდს „ბინძური წყალი“ უწოდა. ყაზახური უმსხვილესი კომპანიების წინაშე ზემანმა ასევე განაცხადა, რომ ჩეხური ლუდი – საუკეთესოა.
„არ დაგავიწყდეთ, ჩეხური ლუდი – საუკეთესოა. ვერანაირი ამერიკული კონკურენცია, რომელიც რაღაც ბინძურ წყალს გვთავაზობს, ჩვენ კონკურენციას ვერ გაგვიწევს“, – განაცხადა ზემანმა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი ყაზახეთში მეწარმეების დიდ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. პირველივე დღეს მათ ადგილობრივ კოლეგებთან კონტრაქტები, საერთო ჯამში, ნახევარ მილიარდ დოლარზე გააფორმეს. გარიგებები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სამხედრო სფეროებს ეხება.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთი „ეკონომიკური საოცრების ქვეყანაა“.