ესტონეთი: რუსეთისა და აფხაზეთის ხელშეკრულება საქართველოს ნაწილის დაპყრობის სურვილზე მეტყველებს
სოჭში გაფორმებული შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აფხაზეთის რუსეთთან მიერთების გეგმებზე მეტყველებს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეით პენტუს-როზიმანუსმა თავის შვედ კოლეგასთან -მარგოტ ვალსტრემთან შეხვედრაზე განაცხადა.
„არსებობს საშიშროება, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილის ანექსიამდე მიგვიყვანს. ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს, რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ვალდებულებებს და ეგრეთ წოდებულ 6 – პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ჩვენ რუსეთს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მათ შორის ჯარების იმ პოზიციებზე გადაყვანისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც კონფლიქტის დაწყებამდე არსებობდა“, – განაცხადა პენტუს-როზიმანუსმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ შეთანხმება აფხაზური ტერიტორიის ანექსიის ნაბიჯად შეაფასა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას გუშინ, 24 ნოემბერს სოჭში მოეწერა ხელი.