ერდოღანი სქესთა შორის თანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სქესთა შორის თანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდა. „ბი-ბი-სი ნიუსის“ ინფორმაციით, ერდოღანმა ეს აზრი სტამბოლში, ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოთქვა.
„ჩვენმა რელიგიამ ქალის დანიშნულება გამოკვეთა – ის დედა უნდა იყოს. ფემინისტებისთვის ამის ახსნა შეუძლებელია, რადგან ისინი დედობის იდეას უარყოფენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქალებისა და მამაკაცების თანასწორად განხილვა არ შეიძლება, რადგან ეს ბუნებას ეწინააღმდეგება. „მათ სხვადასხვა აღნაგობა აქვთ, ცხოვრების წესი ასევე განსხვავდება. ფეხმძიმე ქალი მამაკაცივით ვერ იმუშავებს “, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის აზრით, თანასწორობაზე კი არა, არამედ ეკვივალენტობაზე უნდა ვისაუბროთ. „ქალებს არ სჭირდებათ თანასწორობა – მათ ესაჭიროებათ ის, რომ მამაკაცის თანასწორად პატივი სცენ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობილია, რომ ერდოღანის გამონათქვამები საზოგადოებაში დისკუსიებს იწვევს. მაგალითად, 16 ნოემბერს მან განაცხადა, რომ ამერიკა ქრისტოფორე კოლუმბის პერიოდის 3 საუკუნის წინ ამერიკა მუსლიმებმა აღმოაჩინეს. მან ზუსტი თარიღიც დაასახელა. თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მუსლიმი მეზღვაურები ამერიკაში 1178 წელს ჩავიდნენ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მეზღვაურის ჩანაწერში კუნძულ კუბაზე არსებული მეჩეთის შესახებ იყო დაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები