ქალმა ავღანეთში შვილის მკვლელობისთვის 25 თალიბი მოკლა
ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, პროვინცია ფარახის ტერიტორიაზე ქალმა თავისი შვილის მკვლელობისთვის 25 თალიბი მოკლა. ამ ინფორმაციას ავღანური სააგენტო „Khaama Press“–ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე თალიბებმა ამ ქალბატონის შვილი, რომელიც პოლიციაში მუშაობდა, ერთ–ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დედის თვალწინ მოკლეს. ამის შემდეგ ქალბატონმა თავის გოგონასთან და გარდაცვლილის შვილის მეუღლესთან ერთად საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე არსებული იარაღი შეკრიბა და თალიბებთან ბრძოლაში ჩაება. სააგენტოს ინფორმაციით, სროლის შედეგად, რომელიც შვიდ საათს გაგრძელდა, მოკლულ იქნა 25 თალიბი, კიდევ 5 კი დაიჭრა. როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სედიკ სედიკმა განაცხადა, თალიბების წინააღმდეგ ქალების მიერ ორგანიზებული საბრძოლო კამპანია „თალიბთა მოძრაობის წინააღმდეგ საზოგადოების აჯანყების სიმბოლოს“ წარმოადგენდა.
„თალიბანის“ წარმომადგენლებს ამ დრომდე მომხდარ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.