დაპირისპირება სამეფო ოჯახში – დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონი სამეფო სახლის სახელის გამოყენებაში დაადანაშაულა

გაზეთი „პრაიმტაიმი“ სამეფო ოჯახში მორიგი დაპირისპირების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ქალაქის მერმა „მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი ანასთვისაც“ მოიცალა და ოფიციალური შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა. საქმიანი შეხვედრის ინიციატორი „დედათა კომიტეტი“ და „სამეფო ოჯახი“ იყო.
„შეხვედრის დეტალებმა თავიდანვე გააჩინა კითხვები, რადგან ანა ბაგრატიონმა „დედათა კომიტეტის“ ხელმძღვანელის, ქეთევან ადამიას სურვილით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ითხოვა, თანაც „გენიალური პროექტისთვის“.
აღნიშნული პროექტის თანახმად, ქეთევან ადამიამ „დედათა კომიტეტის“ თაოსნობით „აფხაზური ოდა“ ტაბახმელაში, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე უნდა ააგოს, სადაც ასევე დაგეგმილია ტაძრის, სასტუმრო-მუზეუმისა და დედათა-მონასტრის აგება. ეს ყველაფერი კი აფხაზ ხალხთან ნდობის აღდგენის სახელით კეთდება“, – წერს სტატიის ავტორი. პროექტის დეტალებზე კი ქეთევან ადამია საუბრობს. „ეს არის გენიალური პროექტი, მე შევარჩიე წინასწარ ტერიტორია, სადაც აიგება სასტუმრო-მუზეუმი. აფხაზებთან ნდობის აღდგენისთვის გადავწყვიტეთ საქართველოს დედაქალაქში აფხაზებთან ერთად ავაგოთ „აფხაზური ოდა“, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულ აფხაზ სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოში მივიღებთ. იქ აიგება ტაძარი, გაკეთდება დედათა მონასტერი. „აფხაზურ ოდაში“ გაიხსნება ბიბლიოთეკა, სადაც განვათავსებთ უნიკალურ გამოცემებს აფხაზურ ენაზე. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ აფხაზებმა გაიგონ, როგორ გვიყვარს და ვუფრთხილდებით აფხაზურ ენას, კულტურას. ვისაც კი სურს აფხაზებთან დიპლომატიისა და სახალხო ენით ნდობის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა, ყველა დაიდებს იქ ბინას და ეს იქნება უნიკალური შეხვედრები“, – ამბობს ადამია. ქეთევან ადამიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს ამ საკითხზე და ისინი პასუხს დაელოდებიან. დავით ნარმანიას პასუხს კი თავად სამეფო ოჯახის პასუხმა დაასწრო. ეგრეთ წოდებული სამეფო სახლის მეთაურმა, უფლისწულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა განცხადება გაავრცელა და ანა გაბრატიონი სამეფო სახლის სახელის გამოყენებაში დაადანაშაულა. „გავეცანი ინფორმაციას ანა ბაგრატიონის ქ. თბილისის მერთან შეხვედრის თაობაზე. ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი აღარ მაქვს ანა ბაგრატიონთან და მის ახალ პროექტებთან, ასევე იმ ასოციაციასთან, რომელსაც ის წარმოადგენს. მსურს, ყველას განვუმარტო, რომ ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლსა და პირადად მე, არ გვითხოვია რაიმე მიწა სახლისა თუ სხვა რეზიდენციის ასაგებად ჩემი ვაჟის – გიორგისთვის, ვინაიდან ის მას არ საჭიროებს. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ვინც გეგმავს სარგებლის მიღებას ჩემი ვაჟის სახელის გამოყენებით, უარი თქვან გეგმებზე და სხვა საქმე მოძებნონ“, – ამბობს დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები