კახა თარგამაძე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს – რა შემთხვევაში ჰპირდებოდნენ მას გაპრეზიდენტებას

“ზურაბ ჟვანია ნამდვილად მოკლულია და სხვა ვერსია არ მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ბოლომდე ვერ მივა“, – აცხადებს შს ყოფილი მინისტრი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ყოფილი მინისტრი გამოცემასთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზეც საუბრობს. კახა თარგამაძის ინფორმაციით, საქმის მასალებში ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა დევს.
„ თქვენ ეტყობა არ იცნობთ ერთ-ერთი გერმანელი ექსპერტის დასკვნას, რომელმაც ამერიკელების მიერ დადებული დასკვნა რომ წაიკითხა, თქვა- ეს დასკვნა იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ერთი ინტერპრეტაციით, ზურაბ ჟვანია არ არის გაგუდული, ხოლო მეორე ინტერპრერტაციით, ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ძალისმიერი ზემოქმედებით არ დამდგარაო! აი ასეთი აბსურდული „დასკვნა“ დადეს ამერიკელებმა და გეკითხებით, ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას ვინმე ბოლომდე მიიყვანს?“ – აცხადებს კახა თარგამაძე.
ყოფილი მინისტრი იმ თანხებითაც ინტერესდება, რომელიც სახელმწიფომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დახმარების სახით მიიღო. „ვინმემ მოიკითხა საქართველოში იმ 4, 5 მილიარდი დოლარის ასავალ-დასავალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთიდან საქართველოს დახმარების სახით გადმოურიცხა? დაიწყეს ამ ფულის მოსაძიებლად მუშაობა, მაგრამ გაჩერდნენ. გამოიძიეთ, სად წაიღო ბოკერიამ ეს ფული და ვის ურიცხავდა და რა საჭიროებისთვის ასეულ მილიონებს!“, – ამბობს ყოფილი მინისტრი.
როგორც კახა თარგამაძე გამოცემასთან აცხადებს, მან საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის დავალებით მიმართა.
„2001 წელს გილაევი იმიტომ შემოიყვანეს კოდორის ხეობაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დამეწყო, მაგრამ არ დავიწყე… თუ ომს დავიწყებდი, პრეზიდენტი მე გავხდებოდი, ეს გადაწყვეტილი იყო… ახლა არის შანსი, რომ რუსეთთან ყველაფერი დალაგდეს, მაგრამ კაცი არ ჩანს, ვინც მოსკოვში ჩამოვა და რუსეთის ხელისუფლებას დაელაპარაკება. თქვენ როგორ ფიქრობთ, სულელი ვიყავი საქართველოს მოქალაქეობაზე რომ შევიტანე განცხადება ? ეს პატრიარქის დავალება იყო. მაგრამ ხომ ხედავთ, გამიკეთეს უცებ საქმე – პრეზიდენტობაზე უარი ვთქვი, მინისტრობაზე უარი ვთქვი, ქვეყანა რომ არ დაქცეულიყო და დედის გინების მეტი ქართველებისგან არაფერი მიმიღია“, – აცხადებს კახა თარგამაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები