ალასანია-ბოკერიას შეხვედრა – რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა?

რაზე ისაუბრეს ირაკლი ალასანიამ და გიგა ბოკერიამ კანადაში,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას და „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეხვედრა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
კანადაში, ჰალიფაქსის 2014 წლის უსაფრთხოების ფორუმში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გარდა, ეკა ტყეშელაშვილი, გიგა ბოკერია და დათო სიხარულიძეც მონაწილეობდნენ. ჰალიფაქსის მეექვსე უსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი მიმდინარე წლის ნოემბერში კანადაში გაიმართება. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე ყოფილი მინისტრი სიტყვით გამოვიდა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მსგავს ფორუმებს მათი პოლიტიკური ძალა არასოდეს გამოტოვებს და ყოველთვის გამოიყენებს. „არავითარი საერთო ვიზიტი არ არის. ასე ძალიან ხშირად ემთხვევა ხოლმე, ჩემს შემთხვევაშიც არის დამთხვევები, ეს იქნება საპარლამენტო ასამბლეა თუ უსაფრთხოების ფორუმი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ვიზიტებისას, იქ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, „ნაციონალები“ და ჩვენ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ კოალიციურ ურთიერთობას არ ვაპირებთ, საერთოდ არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ ამის შესახებ. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ ამდენი წლის განმავლობაში ტყუილად ნამდვილად არ გვიბრძოლია. ეს არ არის დამთხვევა, უბრალოდ, დაპატიჟეს ბოკერია, ასევე დაპატიჟეს ირაკლი ალასანია და კიდევ ბევრი სხვა. ჩვენ ნებისმიერ ფორუმს აუცილებლად გამოვიყენებთ“, – აცხადებს დოლიძე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოკერია-ალასანიას შეხვედრა კანადაში მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა. ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ მათ შორის დიალოგი და შიდა პოლიტიკური საკითხების განხილვაც ასევე გარდაუვალი იქნება. „მათ შორის საუბარი აუცილებლად შედგებოდა, სხვანაირად გამორიცხულია, რადგან ორივე ერთი ქვეყნიდან არიან, ერთად იქნებიან იქ. რაც შეეხება რაიმე ტიპის შეთანხმებას, ეს ბოკერიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“, ცხადია, აწყობთ, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს, რადგან ის არ აწყობს ალასანიასა და მის გუნდს. რაიმე ტიპის შეთანხმებას გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. ეს არ არის ისეთი რთული საკითხი, რომ ალასანია ვერ ხვდებოდეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, როგორი კონფიდენციალურიც არ უნდა იყოს შეხვედრა, შეთანხმება, საქართველოში ის მაინც გამჟღავნდება“, – აცხადებს ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. ის, რომ ალასანია-ბოკერიასთვის ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შეხვედრა-მოლაპარაკება არ არის, ამას ექსპერტი მამუკა არეშიძეც ვარაუდობს. არეშიძის განცხადებით, ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში ხვდებოდა გიგა ბოკერიას. „ირაკლი ალასანიას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და ხვდებოდა კიდეც მას მაშინ, როდესაც ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. ახლაც ვიცი, თუმცა ზუსტად რა ინტენსივობით ჰქონდათ შეხვედრები, არ ვიცი. რბილად რომ ვთქვათ, ირაკლი ალასანიას გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები ახასიათებდა, რომელიც ხშირად არ ჯდებოდა კოალიციის პოლიტიკის ჩარჩოში”, – ამბობს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები