გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების საკითხის გამოეხმაურა

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულების გაფორმების საკითხის გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აბსურდული ნაბიჯი უწოდა.მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მთლიანად მიმართულია იმისკენ, რომ წინ აღვუდგეთ ამ აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯს.
“სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი ამბავი, ჩვენ ბოლო ერთი თვეა, მთლიანად ჩვენი საგარეო აქტივობა მოცულია იმით, რომ აღვუდგეთ წინ ამ აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მსოფლიოს მასშტაბით გავაგონო ეს პოზიცია, მინდა მხარი დავუჭირო ასევე იმ პოზიციას, რომელიც გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეს პოზიცია არის სწორი და კვალიფიცირებული. საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად შევეწინააღმდეგებით ამ აბსურდულ ნაბიჯს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, აფხაზებისა და ოსების რეალობა და მომავალი არის მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში.
“საშინაო პოლიტიკა, როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, ასევე მოცულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაგებინოთ ყველას ის რეალობა და მომავალი, როგორც აფხაზების, ასევე ოსების არის მხოლოდ ერთიანი საქართველოს ფარგლებში. ამის გაგება ნელ-ნელა ხდება აფხაზებში და ოსებში, რადგან რეალურად თავის დაცვა საკუთარი იდენტობის დაცვა შესაძლებელია ჩვენი კულტურის და ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები