ოთარ დანელია: ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად წარმართვას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო. საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.ბათუმში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა.
შტაბის პირველ სხდომას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ გენგიური და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.
ოთარ დანელიამ და ზაურ ფუტკარაძემ შტაბის წევრებთან ერთად ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„საწარმო სტანდარტულ და არასტანდარტული მანდარინის მიღებასა და გადამუშავებასთან ერთად, ციტრუსის დაკალიბრებას და შეფუთავასაც ახორციელებს. მანდარინის დაკალიბრების პარალელურად, მისი პარაფირება მიმდინარეობს, რაც პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობას უწყობს ხელს. საექსპორტე ციტრუსის დაფასოება ხდება ევროსტანდარტის მიხედვით პალეტებად შეკრულ 12-16 კგ-იან ხის ანათალის, პლასტმასისა და გოფრირებულ ყუთებში, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანს ხდის ქართულ პროდუქციას. საწარმოს, რომელშიც 500-მდე ადამიანია დასაქმებული დღე-ღამეში 300 ტონამდე ციტრუსის მიღება-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.
კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. მათ ასევე ექნებათ საშუალება ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად წარმართვას საგანგებო შტაბი უზრუნველყოფს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სუბსიდიის პროგრამაში უკვე ჩაერთო სამი კომპანია: შპს „GIAM group”, შპს TCF Georgia”. სააქციო საზოგადოება „ქობულეთის ჩაი“ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის მიღებას 24 ნოემბრიდან დაიწყებს.
მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.