„მეგის ქარდავა სატელეფონო ხაზზე იყო და დანაშაულის შესახებ ანგარიშებს ახალაიას აბარებდა“

  „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი „კვირას“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტში გადაღებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა. როგორც კასრელიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თეთრაძის საქმესთან მიმართებაში არა მარტო ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც შეასრულა დავალება, არამედ ისინიც, ვისთანაც მუდმივად კონტაქტზე იყვნენ დავალებების შემსრულებლები და ანგარიშს აბარებდნენ მათ.
„გამოჩნდა ახალი ჩანაწერი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ასეთი ჩანაწერი პირდაპირ ამტკიცებს ხელმძღვანელი პირების დანაშაულის შემსრულებლებთან სატელეფონო კავშირებს, როცა ისინი მათ საუბრისას ანგარიშს აბარებენ. ეს პროკურატურამ უნდა გამოიყენოს. უნდა დაისაჯოს ის, ვის კაბინეტშიც წამება მოხდა, ისიც, ვინც შეასრულა და ისიც, ვინაც დაუკვეთა თეთრაძის წამება. დანამდვილებით გეტყვით, რომ მეგის ქარდავა ხაზზე იყო და დანაშაულის შესახებ ანგარიშებს ახალაიას აბარებდა“,- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
კასრელიშვილს თეთრაძის საქმესთან მიმართებაში პრეტენზიები ირაკლი ალასანიასთანაც აქვს. მან თეთრაძის წამების საქმით მანიპულირებაში თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დაადანაშაულა.
„წინასაარჩევნო პერიოდში ირაკლი ალასანია ხშირად საუბრობდა და იყენებდა თეთრაძის მკვლელობას. თეთრაძის თემით ის აპელირებდა. ველოდებოდი, რომ თეთრაძის საქმეს გამოიძიებდნენ ჯერ კიდევ ალასანიას პერიოდში, რადგან ალასანიამ მინისტრად დანიშვნამდე ამის პირობა დადო. თეთრაძის საქმეზე ალასანია ამბობდა, რომ მისი გამოძიება ქართული არმიის ღირსება იყო, გმირადაც შერაცხა თეთრაძე, თუმცა ორი წლის განმავლობაში არათუ გამოიძია, არამედ თეთრაძის საქმეში მონაწილე სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნები თანამდებობებზე დატოვა, დააწინაურა და წაახალისა“,- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი, სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.
არჩევნების შემდეგ, მინისტრმა ალასანიამ თეთრაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ კადრების განკარგულებაში, მართლაც, გადაიყვანა რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის – ლევან ზაქრაძე, ლევან გაბუნია, ზაზა მჭედლიძე, გიორგი ხევსურიანი და სხვები, თუმცა მოგვიანებით მათი ნაწილი თავდაცვის უწყებაში არამცთუ სამსახურებრივ პოზიციებზე დააბრუნა, დააწინაურა კიდეც. ამ ფაქტს თავის დროზე თეთრაძის ოჯახის დიდი პროტესტიც მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები