მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძეს ემშვიდობება – ნახვამდის, ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო

  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძესთან ბოლო შეხვედრას და მის გეგმებს იხსენებს. წერილი სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ბოლოს შეხვედრა – რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან ბრიუსელში ჩამომაკითხა.
კახას ბევრი გეგმა ჰქონდა. უახლოეს დღეებში ინიშნებოდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად, ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს აბარებდნენ უკრაინელები, მშობლიური ქვეყნიდან ოფიციალურად დევნილსა და მოძულებულს.
უკრაინის გადარჩენას, საქართველოს დახსნის წინაპირობად განიხილავდა და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ბრუნდებოდა სამშობლოში. და, აი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე, როგორც მას და მის მეგობრებს წარმოგვედგინა… თუმცა, კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია!
ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის, რაც მან გააკეთა – მომავალია!
გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები, მაგრამ შორიდან ვეუბნები – ნახვამდის, ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ. ვინც როგორ უნდა, ისე სცადოს ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად კიდევ დიდი საქმეები გველის წინ!”- წერს სააკაშვილი.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს დღეს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში 20 ნოემბერს ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები