ლევან იზორიამ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია წარადგინა

დღეს ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ გახსნა. სტრატეგიის სამუშაო ვერსია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარადგინა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და შესაბამისი განხილვების მოწყობის გზით, დაიხვეწება დოკუმენტის სამუშაო ვერსია და სამომავლოდ შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.
მათივე ცნობით, ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ძალადობისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
„სტრატეგიამ მოიცვა ძალადობის პრევენციის ყველა ის მიმართულება, რომელიც საზოგადოებისათვის განსაკუთრებით აქტუალურია: ოჯახში ძალადობის, სკოლაში ძალადობისა და ქუჩაში ძალადობის პრევენცია შესაბამისი მექანიზმებით. ესენია სამოქალაქო განათლების (დემოკრატიის სწავლება და დამოკიდებულების პრობლემის მავნე შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება), მედიაციის და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტული პრევენციული მექანიზმები. აუცილებელია უკვე არსებული ღონისძიებების ეფექტიანობის ამაღლება და ძალადობის პრევენციის ახალი შესაძლებლობების დანერგვა. ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია ერთდროულად მიმართულია როგორც ძალადობის გამომწვევი სოციალური მიზეზების აღმოფხვრაზე, ასევე ძალადობის ჩადენის შესაძლებლობების შემცირებაზე. მისი მიზანია როგორც პიროვნების სოციალური იზოლაციის თავიდან აცილება, ისე საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის მიზანია ძალადობის პრევენციის კუთხით მთავრობის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
პრემიერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის შეფასებით, ძალადობა საყოველთაო პრობლემაა და მას საზოგადოება ერთიანად უნდა ებრძოლოს.
„ეს არ არის კონკრეტულად ერთი სფეროს პრობლემა, ეხება ეს შსს-ს თუ განათლების უწყებას. ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელსაც ერთიანად უნდა ებრძოლოს ხელისუფლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორების ჩართულობა ამ პროცესში”, – აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიაზე რამდენიმე თვეა მუშაობს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები