მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ

 მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ, – ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი.
“2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება”, – აღნიშნულია სტრატეგიაში.
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დაგეგმვა. შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა. სტრატეგია შსს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა. ღონისძიებას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები